კოტე კემულარია - აქციაზე დაკავებულებს აიძულებენ თქვან, რომ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, სხვა შემთხვევაში პატიმრობით ემუქრებიან
აქციაზე დაკავებულ 170 ახალგაზრდას აიძულებენ თქვან, რომ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 12 დღიანი პატიმრობით ემუქრებიან, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კოტე კემულარიამ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განაცხადა. მისი თქმით, დაკავებულთა შორის 16 მათგანი მისი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია.
„ჩვენ მათ ვთავაზობთ დახმარებას, ჩვენი იურისტები უკვე მუშაობენ. ასევე მივმართავ დაკავებულების ახლობლებს, დაკავებულების მოძებნაში დავეხმარებით.
ქართველმა როდიონოვებმა გუშინ დაღვარეს ქართველი ბავშვების, ჟურნალისტების სისხლი. ახალგაზრდები იცავდნენ პარლამენტის შენობას და მათ ესროლეს თვალში და სახეში. ისინი რუსებისგან იცავდნენ იმ შენობას“,- განაცხადა კოტე კემულარიამ. მისი თქმით, ყველა დაკავებულს მისი პარტია საკვებსა და წყალს მიაწვდის.