კოსოვოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრემიერ-მინისტრს წყალი შეასხეს, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა
კოსოვოს პარლამენტში მმართველი პარტიის, „თვითგამორკვევისა“ და „კოსოვოს დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის „კოსოვოს დემოკრატიული პარტიის“ დეპუტატი მერგიმ ლუშტაკუ მიუახლოვდა და წყალი შეასხა. ამის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ბესნიკ ბისლიმიმ დეპუტატს წყლის ბოთლი ესროლა. კოსოვოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა. დაცვამ ალბინ კურტი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა.
პარლამენტში კოსოვოს ჩრდილოეთში ეთნიკური სერბებით დასახლებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ. ოპონენტები ალბინ კურტის აკრიტიკებენ, რომ აშშ-ის რჩევებს არ ითვალისწინებს.