კოსოვოს ხელისუფლებამ „ისლამური სახელმწიფოდან“ თავისი 110 მოქალაქე დააბრუნა
კოსოვოს ხელისუფლებამ „ისლამური სახელმწიფოდან“ თავისი 110 მოქალაქე დააბრუნა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, კოსოვომ აშშ-ის დახმარებით ჩაატარა მასშტაბური ოპერაცია დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან თავისი მოქალაქეების დასაბრუნებლად.
სპეციალური რეისი პრიშტინაში 20 აპრილს ჩაფრინდა. რეისის 110 მგზავრიდან მხოლოდ ოთხი იბრძოდა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. ისინი კოსოვოში ჩასვლისთანავე დააკავეს. კოსოვოში უკვე ოთხი წელია, მოქმედებს კანონი, რომელიც საზღვარგარეთ შეიარაღებულ დაჯგუფებებში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
სპეციალური რეისის 32 მგზავრი ქალია, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქმრებს გაყვნენ, დანარჩენი 74 კი, ბავშვია. არასრულწლოვნებს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც საომარი მოქმედებებისას მშობლები დაკარგეს.
როგორც კოსოვოს იუსტიციის მინისტრმა, აბელიარდ ტაჰირიმ განაცხადა, დაბრუნებულები რეაბილიტაციასა და მშვიდობიანი ცხოვრების იმედს იმსახურებენ.
კოსოვოს ხელისუფლების ქმედებებს მიესალმება აშშ-ის საელჩო, რომელმაც პრისტინი თანაგრძნობისა და სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი მაგალითისთვის შეაქო.
თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ პარტნიორებს მიმართა და მათ ამერიკელი სამხედროების მიერ სირიაში ოპერაციის დროს დაკავებული მებრძოლების მიღება და გასამართლება სთხოვა.