კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ეთნიკურ სერბებსა და ნატო-ს ძალებს შორის შეტაკება მოხდა
კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ეთნიკურ სერბებსა და ნატო-ს ძალებს შორის შეტაკება მოხდა. ზვეჩანის მუნიციპალიტეტში სერბმა დემონსტრანტებმა ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარები ესროლეს ნატო-ს მისიის სამხედროებს, რომლებიც ადმინისტრაციულ შენობებთან განთავსდნენ. ადგილობრივი სერბები ზვეჩანში ასევე დაუპირისპირდნენ პოლიციას.
ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დილიდან გამწვავდა. მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა. სერბებმა არ მიიღეს მონაწილეობა აპრილში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში და უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სერბები მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს შეადგენენ. ვითარების ესკალაციის გამო კოსოვოს ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქებში, ადმინისტრაციულ შენობებთან ნატო-ს ძალები განათავსეს.
ჩრდილოეთ კოსოვოში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი ქვეყანა – კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი.