კოსმოსური რეკორდი — აღმოჩენილია სამი დიდი ვარსკვლავი, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მერკურის ორბიტაზე პატარა მანძილიდან მოძრაობენ #1tvმეცნიერება
კოსმოსური რეკორდი — აღმოჩენილია სამი დიდი ვარსკვლავი, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მერკურის ორბიტაზე პატარა მანძილიდან მოძრაობენ #1tvმეცნიერება

ჩვენგან დაახლოებით 5000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავთა ტრიომ დიდი ხნის რეკორდი მოხსნა.

გრავიტაციულად შეკრულ ვარსკვლავთა სისტემა, სახელად TIC 290061484, შედგება ერთმანეთის გარშემო ახლო მანძილიდან მოძრავი წყვილური (ბინარული) ვარსკვლავისგან და მესამე ვარსკვლავისგან, რომელიც ამ ორს უვლის გარშემო. საოცარია, მაგრამ ისინი იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ მთელი სისტემა მერკურის ორბიტაში ჩაეტეოდა.

და ეს ყველაფერი არ არის. როგორც ჩანს, მჭიდრო ტრიოს კიდევ ერთი მეგობარი ჰყავს; არის მინიშნება მეოთხე ვარსკვლავისა, რომელიც მათ გარშემო ძლიერ შორიდან მოძრაობს.

სამივე ვარსკვლავი ერთმანეთთან შეჯახების გზას ადგას — ისინი შერწყმისა და სუპერნოვად აფეთქებისთვის არიან განწირული. ეს დაახლოებით 20 მილიონ წელიწადში მოხდება და მათ ადგილას ნეიტრონული ვარსკვლავი გაჩნდება.

აღმოჩენა NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპმა TESS-მა გააკეთა, რომელსაც ვარსკვლავთა სინათლეში უმცირეს ჩაბნელებათა დაფიქსირება შეუძლია. ასეთ ჩაბნელებებს ვარსკვლავების გარშემო მოძრავი სხვა სხეული იწვევს.

ვარსკვლავი

ვარსკვლავთა სისტემები, რომლები ჩვენი გადმოსახედიდან ერთმანეთს ფარავენ, ასევე გამოირჩევიან სიკაშკაშის ცვლილებებით, რადგან ერთმანეთის წინ ჩამავალი ვარსკვლავები ერთმანეთის სინათლის სულ მცირე გარკვეულ ნაწილს ბლოკავენ. TESS-ს სიკაშკაშის ასეთ ცვლილებათა დაფიქსირებაც შეუძლია. შედეგად, ის უმძლავრესი ხელსაწყოა ამნაირი სისტემების დასაფიქსირებლად, რადგან როგორც წესი, შორიდან ჩვენ მათ ერთი ვარსკვლავის სახით ვხედავთ.

ასეა სამმაგი სისტემა TIC 290061484-ის ცენტრალური ვარსკვლავის შემთხვევაშიც. ორბიტული სიბრტყე, როგორც ისინი არიან განლაგებული ჩვენი გადმოსახედიდან, საკმაოდ ხელსაყრელია; ამის გამო, ამ ვარსკვლავთა კოსმოსური ცეკვისას (ერთმანეთის გარშემო მოძრაობა), ჩაბნელებათა სხვადასხვა კონფიგურაციას ვხედავთ.

მკვლევართა ჯგუფმა NASA-ს ასტროფიზიკოს ვესელინ კოსტოვის ხელმძღვანელობით, სისტემა TESS-ის მონაცემების ფართო ანალიზების შედეგად აღმოაჩინა. ვარსკვლავის სისტემის ჩაბნელებათა მოსალოდნელ სიგნალებზე დაყრდნობით, მონაცემთა გასაფილტრად მათ მანქანური სწავლება გამოიყენეს, შემდეგ კი მონაცემთა უფრო გასაცხრილად, საქმეში მოყვარული მეცნიერები ჩართეს.

„ძირითადად ვეძებდით კომპაქტურ მრავლავარსკვლავიან სისტემებს, უჩვეულოდ პულსირებად ვარსკვლავებს ორმაგ სისტემებში და უცნაურ ობიექტებს. ასეთი სისტემის აღმოჩენა ამაღელვებელია, რადგან მსგავს ობიექტებს იშვიათად ვპოულობთ. თუმცა, სამყაროში ისინი იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე ამჟამად გვაქვს მინიშნებები“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსი პოლ რაპაპორტი.

მას შემდეგ, რაც საინტერესო სისტემა გამოავლინეს, მკვლევრებმა სინათლის ცვლილებათა ანალიზი დაიწყეს, რათა მისი მახასიათებლები განესაზღვრათ.

ორი ცენტრალური ვარსკვლავი მზეზე 6,85-ჯერ და 6,11-ჯერ მასიურებია და ერთმანეთის გარშემო ერთ შემოვლას მხოლოდ 1,8 დღეს ანდომებენ.

მესამე ვარსკვლავი მზეზე 7,9-ჯერ მასიურია და და ცენტრალურ წყვილს 24,5 დღეში ერთხელ უვლის გარშემო. ეს ორბიტული პერიოდი ჩვენთვის აქამდე ცნობილ ყველაზე პატარა სამმაგ სისტემას უკან იტოვებს; მისი ორბიტული პერიოდი 33 დღე იყო.

და ბოლო, მეოთხე სავარაუდო ვარსკვლავს დაახლოებით 6,01 მზის მასა უნდა ჰქონდეს. მკვლევართა შეფასებით, ტრიოს ორ ცენტრალურ ვარსკვლავს ის გარს უნდა უვლიდეს 3200 დღეში ერთხელ.

ვარსკვლავები გაზის ვეებერთელა ღრუბლებში, არანორმალურად მკვრივ რეგიონებში იბადებიან. როგორც წესი, ასეთი ღრუბლები ჩვილი ვარსკვლავებითაა გადაჭედილი, რომელთაგან ზოგიერთი ერთმანეთთან იმდენად ახლოს მიდის, რომ ერწყმიან; ზოგი კი დანარჩენ ცხოვრებას ერთად, ერთმანეთის გარშემო მოძრაობაში აგრძელებენ.

ირმის ნახტომის ვარსკვლავთა უმეტესობა სწორედ ასეთ სისტემებშია მოქცეული. როდესაც ღამის ცას ახედავთ, ვარსკვლავთა ნახევარზე მეტი, რომლებსაც ხედავთ, სინამდვილეში რამდენიმე ვარსკვლავია, მაგრამ უშორესი მანძილის გამო უბრალოდ ვერ არჩევთ და ერთი ვარსკვლავის სახით ხედავთ.

მრავალვარსკვლავიან სისტემად აბსოლუტური უმეტესობა ჯერ არ აღმოგვიჩენია. ეს აღმოჩენა კი იმაზე მიუთითებს, რომ სამყაროში ასეთი სისტემები იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია. სწორედ მათ აღმოჩენაზე იმუშავებს ნენსი გრეის რომანის კოსმოსური ტელესკოპი, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.

„ვიდრე მეცნიერები სამმაგ ვარსკვლავურ სისტემებს აღმოაჩენდნენ, მათ არსებობას არავინ ვარაუდობდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ვიპოვეთ, ვთქვით — კარგი, რატომაც არა? ნენსი გრეის რომანმა შეიძლება ისეთი კატეგორიის სისტემები აღმოაჩინოს, რომელთა შესახებ ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს“, — ამბობს ასტრონომი ტამას ბორკოვიცი.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.