კორტების სპეცოპერაციის საქმეზე საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობაზე უზენაესი სასამართლო განჩინებას აქვეყნებს
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობაზე უზენაესი სასამართლო განჩინებას აქვეყნებს

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობაზე უზენაესი სასამართლო განჩინებას აქვეყნებს.

უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობაზე გადაწყვეტილება 23 იანვარს მიიღო.

საუბარია იმ საკასაციო საჩივრებზე, რომლითაც პროკურორები კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულებისთვის ბრალის დამძიმებას, დაცვის მხარე კი 2017 წლის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვდა.

ორივე შემთხვევაში სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი და ძალაში დარჩეს წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რადგან უზენაესის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ის საფუძვლები, რომლითაც წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს.

ამ საფუძვლებს შორის არის ის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა განსხვავდებოდეს ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან, ასევე თუ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევით.

გადაწყვეტილება, რომელიც განჩინებაში 23 იანვრით თარიღდება ნინო გვენეტაძის, პაატა სილაგაძისა და გიორგი შავლიაშვილის შემადგენლობით უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო.

2015 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ხოლო შემდეგ 2017 სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვებული განაჩენის მიხედვით, კორტების სპეცოპერაციის გამო, დამნაშავედ ხუთი ყოფილი ძალოვანი გამოცხადდა.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში დაედო ბრალი და 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 12 წელი მიუსაჯეს და განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს ამავე დეპარტამენტის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე, რომელმაც გამოძიების ვერსიით, სპეცოპერაციისას ახალგაზრდების მიმართ საკონტროლო გასროლა განახორციელა. ასევე გამტყუნდნენ ამ საქმეზე ყოფილი ძალოვანები კახა ნაკანი, ლევან ბეროძე და გრიგოლ კვინიკაძე.

 

„საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა ქმედება არ იყო დაგეგმილი და კონტროლირებადი იმდაგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო ლეტალური ძალის გამოყენების შესაძლებლობა და ამასთანავე, ძალის გამოყენება არ იყო „აბსოლუტურად აუცილებელი“ და პროპორციული კონვენციის მეორე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ: ზ. ვ-ს, ა. ხ-ა და ბ. ფ-ს პოლიციელების მისამართით არ უსვრიათ, მათი მხრიდან რაიმე საფრთხე არ მომდინარეობდა, ხოლო პოლიციელებმა ყოველგვარი მოწოდებისა და გაფრთხილების გარეშე, ხელოვნურად მოწყობილ საცობში გაჩერებულ ავტომობილზე პირდაპირ მიიტანეს იერიში, ანუ ძალა გამოიყენეს ყოველგვარი საფუძვლისა და წინაპირობის გარეშე; სპეცოპერაციის შემდეგ განხორციელებული უკანონო მოქმედებები, რაც გამოიხატა მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, მოწმეთა ყალბი ჩვენებების დაფიქსირებასა და სხვა ქმედებებში, ფაქტობრივად, ემსახურებოდა რეალურად განხორციელებული დანაშაულისათვის კანონიერი სახის მიცემასა და საზოგადოებაში ყალბი განწყობების შექმნას“, – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.