იუსტიციის სამინისტრო ზოგიერთ მედიასაშუალებას ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
იუსტიციის სამინისტრო ზოგიერთ მედიასაშუალებას ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ზოგიერთ მედიასაშუალებას ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, უწყებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსარჩელე მხარისათვის კომპენსაციის გადახდას აგვიანებდეს, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

„ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამი თვის ვადაში მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილების გასაჩივრების სამთვიანი ვადა ამოიწურება. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის 18 ივლისს, 18 ოქტომბერს კი ამოიწურა მისი გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, სახელმწიფომ მოსარჩელე მხარეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია უნდა გადაუხადოს 18 ოქტომბრიდან სამი თვის ვადაში − ე. ი. 2020 წლის 18 იანვრამდე.

ვინაიდან გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში − 2019 წლის 18 ოქტომბრამდე − არცერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია, გადაწყვეტილება 3 დღის წინ შევიდა ძალაში და დაიწყო ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ათვლა. იუსტიციის სამინისტროსა და მოსარჩელე მხარის ადვოკატს შორის უკვე შედგა კომუნიკაცია და მან უნდა წარმოადგინოს აღსრულებისთვის საჭირო საბანკო მონაცემები და დოკუმენტაცია.

შესაბამისად, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპენსაციის თანხა სახელმწიფოს 18 ოქტომბრამდე უნდა გადაეხადა და მან ეს ვალდებულება არ შეასრულა, არის ყალბი“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.