კორპორაცია „მეტა“, რომელიც „ფეისბუქს“, „ინსტაგრამსა“ და „ვოთსაფს“ ფლობს, აცხადებს, რომ მიმდინარე წელს 10 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებს
კორპორაცია „მეტა პლატფორმსი“, რომელიც სოციალურ ქსელებს, „ფეისბუქს“, „ინსტაგრამსა“ და „ვოთსაფს“ ფლობს, აცხადებს, რომ მიმდინარე წელს 10 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებს.
ეს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის მიერ კადრების მასშტაბური შემცირების მეორე ეტაპია, მას შემდეგ, რაც მან ნოემბერში 11 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლა, რაც მაშინ მისი სამუშაო ძალის 13 პროცენტს შეადგენდა.
როგორც მედია წერს, სამუშაო ადგილების შემცირება არის რესტრუქტურიზაციის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც კომპანია უარს იტყვის 5 ათასი ვაკანსიის გახსნაზე, გააუქმებს ნაკლებად პრიორიტეტულ პროექტებს და მენეჯმენტის საშუალო ფენას შეამცირებს.
კომპანიის ხელმძღვანელმა, ცუკერბერგმა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ კადრების შემცირების ძირითადი გადაწყვეტილებები უახლოეს ორ თვეში გამოცხადდება, შემცირებების პროცესი კი წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„ჩვენი ისტორიის ხანგრძლივობის უმეტეს პერიოდში ჩვენ ვხედავით წლიდან წლამდე შემოსავლის სწრაფ ზრდას და გვქონდა მრავალ ახალ პროდუქტში ინვესტირების რესურსი, თუმცა გასული წელი იყო გამომაფხიზლებელი. ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევამზადოთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ, შესაძლოა, ეს ახალი ეკონომიკური რეალობა მრავალი წელი გაგრძელდეს“, – ნათქვამია წერილში.
მონიტორინგის საიტ Layoffs.fyi-ზე არსებული მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისიდან აშშ-ში ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 290 ათასზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს.