კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, მათ შორის სამი კარანტინის ზონიდან არის, ერთი კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია
საქართველოში ბოლოს 24 საათში დადასტურებული „კოვიდ-19“-ის ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახალ ინფიცირებულთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, დანარჩენები კი, საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.
ამასთან, ეზუგბაიას თქმით, კოვიდ-ცენტრებში ამ დროისთვის 148 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 38 სამხედრო მოსამსახურეა. ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები გორის ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.
„დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და სულ გახლავთ 1010 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია მხოლოდ ორი და ეს ციფრი მთლიანობაში 885-ს შეადგენს. კოვიდცენტრებში მკურნალობს 148 პაციენტი. ამ ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა გახლავთ შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო დანარჩენი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევებია. ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი სამხედრო მოსამსახურეებიდან კიდევ 10 პირი ჩამოიყვანეს საქართველოში, მათ იქ დაუდასტურდათ „კოვიდ-19“ და ამ ეტაპზე, მოთავსებული არიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ჯამში საქართველოში კორონავირუსის 41 დადასტურებული შემოტანილი შემთხვევაა.
„148 პაციენტიდან, რომლებიც კოვიდცენტრებში მკურნალობენ, ჯამურად 38 გახლავთ გორის ჰოსპიტალში მოთავსებული, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი ინფიციფირებული სამხედრო პირები. ჯამში, შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა 41-ს შეადგენს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.