კორონავირუსთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ტუროპერატორებთან შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკოორდინაციო კომისიის მდივანთან, გვანცა გასვიანთან ერთად, ადგილობრივ ტუროპერატორებთან შეხვედრა გამართა.
როგორც საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრის მონაწილეებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გზებზე იმსჯელეს, არსებული ვითარებისა და კონკრეტული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდნენ. შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ინფორმაციის გაცვლა ხელს შეუწყობს, როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე ტუროპერატორების მხრიდან შემდგომი ქმედებების განსაზღვრას და უკეთ დაგეგმვას.
საგარეო უწყების ცნობით, ტუროპერატორებს ეთხოვათ, გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებს შორის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები, ხოლო უცხოელ ვიზიტორებს წინასწარ მიაწოდონ ინფორმაცია საზღვარზე არსებული პროცედურების შესახებ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინირებული ღონისძიებების დაგეგმვისას მთავარი აქცენტი კვლავაც პრევენციული ღონისძიებების შენარჩუნებასა და კონტროლის გაძლიერებაზე გაკეთდება.