კორონავირუსით ხუთი თვის განმავლობაში ინფიცირებულ პაციენტში, მეცნიერებმა ახალი შტამების წარმოშობის უჩვეულო დეტალებს მიაგნეს — #1tvმეცნიერება
კორონავირუსით ხუთი თვის განმავლობაში ინფიცირებულ პაციენტში, მეცნიერებმა ახალი შტამების წარმოშობის უჩვეულო დეტალებს მიაგნეს — #1tvმეცნიერება

გასული წლის გაზაფხულზე, 45 წლის კაცი ბოსტონის Brigham and Women’s-ის ჰოსპიტალში კორონავირუსის ინფექციის გამო მივიდა. ექიმებმა მას სტეროიდებით უმკურნალეს და ხუთ დღეში გაწერეს.

თუმცა, ინფექცია მისი სხეულიდან 145 დღის განმავლობაში არ გამოსულა.

„მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, მან საავადმყოფოს კიდევ რამდენჯერმე მომართა COVID-19-ის ინფექციისა და მწვავე პნევმონიის განმეორების გამო“, — ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ინფექციურ დაავადებათა ექიმი ჯონათან ლი, რომელიც ამ მამაკაცს მკურნალობდა.

მისივე განცხადებით, ეს ინდივიდი განსაკუთრებული იყო.

განსაკუთრებული იმიტომ, რომ ამ კაცის შემთხვევა მეცნიერებს საოცარ დეტალებს სთავაზობს იმის შესახებ, სად ჩნდება კორონავირუსის ახალი შტამები და რატომ იწვევს ისინი ფეთქებად გავრცელებებს სამ კონტინენტზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მამაკაცის შემთხვევა არ წარმოადგენდა ე. წ. ხანგრძლივ კოვიდს, ანუ, როდესაც პირი კორონავირუსის ინფექციისგან განიკურნება, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები მომდევნო თვეებში მაინც ახსენებს თავს. ჯონათან ლის განცხადებით, ამ კაცს ორგანიზმში ხუთი თვის განმავლობაში ჰქონდა ცოცხალი, მზარდი ვირუსი. ინფექციაც ხუთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

„ეს ამ შემთხვევის ერთი გამორჩეული ასპექტია. უფრო მეტიც, ის თავდაპირველი დიაგნოზიდან ხუთი თვის თავზეც კი ძლიერ ინფექციური, გადამდები იყო“, — ამბობს ლი.

ამ მამაკაცს ასევე ჰქონდა მწვავე ავტოიმუნური დაავადება, რომლის გამოც იმუნური სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებს იღებდა. შესაბამისად, მისი ორგანიზმი კორონავირუსის ინფექციას ისე კარგად ვერ ებრძოდა, როგორც ჯანმრთელი ადამიანის. ცოტა ხნით გამოკეთდებოდა, შემდეგ კი ვირუსი ხელახლა უტევდა, კვლავ ავად ხდებოდა. საბოლოოდ, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა და დიაგნოზის პირველად დასმიდან ხუთი თვის თავზე გარდაიცვალა.

მამაკაცის მკურნალობის პარალელურად, ლი და მისი კოლეგები თვალსაჩინოების ექსპერიმენტს ატარებდნენ. რამდენიმე კვირაში ერთხელ, მისი სხეულიდან კორონავირუსის ნიმუშს იღებდნენ და ვირუსის გენომს შიფრავდნენ (სეკვენირება).

რაც აღმოაჩინეს, ლისთვის უბრალოდ დაუჯერებელი იყო.

„შოკში ვიყავი. როდესაც ვირუსის მიმდევრობები ვნახე, მაშინვე მივხვდი, რომ საქმე გვქონდა რაღაც სრულიად განსხვავებულთან და პოტენციურად ძალიან მნიშვნელოვანთან“, — ამბობს ჯონათან ლი.

ვირუსის გენომის თანმიმდევრობები ლის და მის ჯგუფს უჩვენებდა, რომ მამაკაცის ორგანიზმში ვირუსი ძალიან სწრაფად იცვლებოდა — ერთდროულად განიცდიდა არა უბრალოდ ერთ ან ორ მუტაციას, არამედ 20-ზე მეტი მუტაციის მთელ კლასტერს. მეცნირებს აქამდე არასოდეს ენახათ, რომ SARS-CoV-2, ანუ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი მთელი ამ პანდემიის განმავლობაში ასე სწრაფად შეცვლილიყო.

გარდა ამისა, ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ეს მუტაცია ვირუსს ანტისხეულებისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა.

„სიცოცხლის მიწურულს, მას კომპანია Regeneron-ის მიერ წარმოებული მონოკლონური ანტისხეულებით ვმკურნალობდით. ცოტა ხნის შემდეგ დავინახეთ მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ვირუსი ან რეზისტენტულად იყო გადაქცეული, ან როგორღაც ამ ანტისხეულებსაც უძვრებოდა ხელიდან“, — ამბობს ლი.

ჯონათან ლიმ და მისმა კოლეგებმა თავიანთ მიგნებების შესახებ კვლევა 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოაქვეყნეს; პუბლიკაციას მაშინ დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როდესაც პანდემიამ მოულოდნელი მიმართულებით გადაუხვია, ბოსტონის ამ ერთმა განსაკუთრებულმა შემთხვევამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

საქმე ის არის, რომ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი ვარიანტები, რომლებმაც ამ ქვეყნებში შემთხვევათა უზარმაზარი მატება გამოიწვიეს.

გამოიცანით, რა აღმოაჩინეს მკვლევრებმა ამ გენების ვარიანტებში? მუტაციათა კლასტერი, რომელიც ძალიან ჰგავდა ბოსტონელ პაციენტში აღმოჩენილ ვირუსის მუტაციებს. მუტაციათა წყება ზუსტად იდენტური არ იყო, მაგრამ საერთო ჰქონდა მნიშვნელოვანი მახასიათებლები. ორივე მათგანს აღენიშნებოდა დაახლოებით 20 მუტაცია, რომელთაგან საკვანძოები ერთნაირი იყო, მათ შორის მუტაცია N501Y, რომელიც ვირუსს ადამიანის უჯრედებზე უკეთესად მიკვრაში ეხმარება და მუტაცია E484K, რომელიც ვირუსს ანტისხეულებისგან თავის დაღწევაში ეხმარება.

მას შემდეგ, რაც ჯონათან ლიმ და მისმა კოლეგებმა აღმოჩენის შესახებ გამოაქვეყნეს, მსგავსი შემთხვევების შესახებ სხვა რამდენიმე ჯგუფმაც განაცხადა, რომლებშიც ვირუსი სწრაფად განვითარდა ქრონიკული კორონავირუსის ინფექციის მქონე იმუნიტეტშესუსტებულ ადამიანებში.

„პლანეტის მასშტაბით გვაქვს რამდენიმე მაგალითი, როდესაც პაციენტში ვირუსმა ერთდროულად განიცადა ახალ მუტაციათა მთელი წყება“, — ამბობს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ვირუსოლოგი ჯერემი ლუბანი. მისივე თქმით, იქნება ისეთი შემთხვევებიც, რომელთა დაფიქსირებაც ვერ მოხერხდა.

გამომდინარე აქედან, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ორი ფენომენი შეიძლება ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. ანუ, ახალი ვარიანტები წარმოიშობა ბოსტონელი პაციენტის მსგავს ადამიანებში — რომლებსაც შესუსტებული იმუნიტეტი და კორონავირუსის გრძელვადიანი ინფექცია აქვთ.

„ვფიქრობ, ეს წამყვანი თეორიაა“, — ამბობს ლუბანი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სავარაუდოდ, გრძელვადიან ინფექციებს კორონავირუსი მუტაციების საცდელ ადგილად იყენებს. ერთ ადამიანში ყოფნის დროს, ვირუსს შეუძლია მოსინჯოს მუტაციათა მთელი ეს სხვადასხვა კომბინაციები და შეცდომებისა და ცდების საშუალებით გაარკვიოს, რომელი მათგანია უკეთესი იმუნური სისტემისგან თავის დასაღწევად ან ვირუსის დასახმარებლად, რათა ის უფრო ინფექციური, გადამდები გახდეს.

სავარაუდოა, რომ ასეთ ვირუსულ ვერსიათა უმეტესობა ქრონიკულად ინფიცირებულ პაციენტს იქით არ წასულა. მაგრამ როგორც ჩანს, ასეთ ვარიანტებს დროდადრო იღბალი სწყალობთ, ბევრ ადამიანს აინფიცირებენ და პანდემია სრულიად ახალ ფაზაში გადაჰყავთ.

სავარაუდოდ, ასეთი პროცესები ამ წუთებშიც ხდება, თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმუნიტეტშესუსტებულ პაციენტებში. საბოლოოდ, მუტაცია შეიძლება ამ ახალმა ვარიანტებმაც განიცადონ და კორონავირუსის კიდევ უფრო სახიფათო ფორმები წარმოქმნან.

მომზადებულია npr.org-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი