კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფოს ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფოს ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განუცხადა.
„მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივ რეჟიმში ვუწევთ მონიტორინგს. რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი არის იზოლირებული. ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი თვითოზოლაციაშია“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.
სასწრაფოს ექიმს კორონავირუსი მეუღლისგან, ეროვნული ბანკის თანამშრომლისგან გადაედო.
„მისი ინფიცირების წყარო მეუღლეა. მეუღლე ეროვნული ბანკის თანამშრომელია და გადადება მისგან მოხდა“, – აღნიშნა გოგიტიძემ.
მისივე თქმით, ინფიცირებულ მედიკოსს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.