კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
მისივე თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ერთით გაიზარდა და ამჟამად 795-ს შეადგენს.
„ისევ სტაბილური სიტუაცია გვაქვს, მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა. იყო 928 და გახდა 931 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთი იყო და 794-დან გადავედით 795-ზე. სამი ახალი შემთხვევიდან ორი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და შემოტანილი შემთხვევაა. ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე 85 პროცენტზე მეტია, კოვიდ-ცენტრებში კი 121 პაციენტი მიურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას ორი ახალი პაციენტი შეემატა, ხოლო ერთი გამოჯანმრთელდა.
ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის ცენტრში 22 ინფიცირებული რჩება.
„ორი ახალი პაციენტი მოთავდა ჩვენს ცენტრში, ერთი ავტომანქანის მძღოლი და მეორე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. გაიწერა ერთი და დაგვრჩა 22 პაციენტი. ორივე ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ჩატარებული კვლევებით, დაავადება არ პროგრესირებს, მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში არსებული 22 პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც უცვლელია. დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.