კორონავირუსით ინფიცირებული ოთხივე ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია.
ეზუგბაიას თქმით, ყველა მათგანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
„გუშინ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995 იყო. დაგვემატა მხოლოდ ოთხი ახალი და ამჟამად ქვეყანაში გახლავთ 999 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების ციფრი 13-ით გაიზარდა და დღეს ჯამში გვყავს 870 გამოჯანმრთელებული. ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 87 პროცენტს შეადგენს.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 142 პაციენტი რჩება.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას ახალი პაციენტი არ მიუღია, გამოჯანმრთელდა ერთი ინფიცირებული.
შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 24 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
ეზუგბაია ამბობს, რომ პაციენტების მდგომარეობა უცვლელია და კლინიკას ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები ჰყავს.