კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ორი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მათი კონტაქტი დადგენილია
კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ორი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მათი კონტაქტი დადგენილია

საქართველოში კორონავიურსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც ეზუგბაია აცხადებს, მათთან მოთავსებული ორივე პაციენტის კონტაქტი დადგენილია.

„შემოგვემატა ოთხი ახალი ინფიცირებული დადასტურებული შემთხვევა. სულ გამოდის 38 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია – ეს არის ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ორ ახალ ინფიცირებულთან, რომლებიც ჩვენთან არიან გადმოყვანილი, შეინიშნება ტემპერატურის მატება დაბალი ციფრებით – 37-დან 37,5 -მდე, მინიმალურად გამოხატული კლინიკაა. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საბედნიეროდ, სტაბილურია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 21 პაციენტს. აქედან 19 პაციენტთან მიიღეს უარყოფითი პასუხი, ორ პიროვნებასთან კი კორონავირუსი დადასტურდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 81 პაციენტი.