კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირის ოჯახის წევრი -კრიტიკულ ვითარებაში ყველაზე საშიში დეზინფორმაციის გავრცელებაა, ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე ამას, როგორც ყოველთვის, გულმოდგინედ აკეთებენ
კრიტიკულ ვითარებაში ყველაზე საშიში დეზინფორმაციის გავრცელებაა. ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე ამას, როგორც ყოველთვის გულმოდგინედ აკეთებენ, – ამის შესახებ კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირის ოჯახის წევრი ელე ღლონტი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც ელე ღლონტი აღნიშნა, როდესაც მთელი ქვეყანა დაზაფრული და შეშინებულია, ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე ცდილობენ, რომ კიდევ უფრო გაამძაფრონ სიტუაცია და შექმნან ცრუ პანიკა.
„მთელი მსოფლიო საქართველოზე ლაპარაკობს, და იმაზე როგორ ართმევს თავს ჩვენი სახელმწიფო ამ ვირუსს, ამიტომ ხელმოსაჭიდი არაფერი დარჩათ და საერთოდ გაგიჟდნენ. აცხადებენ, რომ ჩემი ბებია და კიდევ ერთი ასაკოვანი ადამიანი არიან ძალიან მძიმედ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს მოვიდნენ და ჩვენი სახლის ფანჯრები გადაიღეს. განსაკუთრებული აქცენტი იყო ყვავილების მოსარწყავ ბოთლზე, რომელიც ანტისეპტიკის როლში აღმოჩნდა, მეტი დრამატიზმისთვის სახლის წინ, სარეცხის თოკზე, პირბადე ჩამოკიდეს, და ესეც შენელებული კადრით ბევრჯერ აჩვენეს. ბოლოს იჭორავეს მეზობელთან რომელიც მამაჩემმა, ნახა მაშინ როდესაც თავადაც არ იმყოფებოდა რისკ ჯგუფში. ანტირუსული პროპაგანდის ამბავში თითზე დაიხვიეს „რომანოვების“ გვარი. ის ადამიანი კი ვისი ორმოციც მისმა ნათესავებმა საქართველოში გადაიხადეს, ასჯერ მეტი ქართველი იყო ვიდრე ნიკა გვარამია. პოლიტიკური კონტექსტის გაღვივება ამ თემაზე ამაზრზენია. კორონავირუსი რომანოვებს ორბელიანებს და ტილიპუჭურაშვილებს ერთნაირად ემართებათ. რა დროს გვარების და ეროვნების გარჩევაა ვერ გავიგე დანარჩენი დეტალებით თავს აღარ მოგაწყენთ. პანიკის შექმნაში მედიის მონაწილეობა, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი ჟურნალისტიკაა. და არა რბილად, არის დანაშაული! ვერაფრით ვერ ეგუებიან, რომ აღარ არის ეს ქვეყანა მათი არსებობით შეშინებული“, – წერს ელე ღლონტი.