საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობს 32 პაციენტი, 13-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს გითხარით, რომ 12-მა პაციენტმა დატოვა, მე-13 პაციენტის მდგომარეობაც შეფასდა, მისი კლინიკური და რადიოლოგიური მონაცემები საშუალებას იძლეოდა, მასაც დაეტოვებინა კლინიკა და გაეწერა ბინაზე, თვითიზოლაციაში იქნება ორი კვირის განმავლობაში. ყველა პაციენტი, რომელიც ტოვებს კლინიკას გაჯანმრთელებული, ამის მიუხედავად, ორი კვირის განმავლობაში აგრძელებს თვითიზოლაციაში ყოფნას“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანას ჯამში 14 გამოჯანმრთელებული ჰყავს – 13 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს, ერთი კი საჩხერის სამედიცინო ცენტრის პაციენტი იყო.

მონაცემები უკვე განახლდა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეც.