კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეათე პაციენტი 45 წლის ქალია, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა
საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი 45 წლის ასაკის ქალია.
ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს.
ჰოსპიტალის ინფორმაციით, გარდაცვლილს მძიმე თანმხლები დაავადებებიი აღენიშნებოდა.
„ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული „პისიარ“ტესტირების შედეგად, მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – ნათქვამია ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –446 პირი.