კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ სამმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ სამმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.
საერთო ჯამში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსისგან 22 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 26.
„ქვეყანაში იყო 130 შემთხვევა და საღამოს მხოლოდ ერთი დაგვემატა, 131 დადასტურებულია. აქედან ჩვენს ცენტრს შემოემატა დღეს ხუთი დადასტურებული შემთხვევა. ესენი არ არიან ახლები, 130 არსებული შემთხვევების ნაწილია, რომლებიც ჩვენთან მივიღეთ. ამ ეტაპზე გვყავს 39 დადასტურებული პაციენტი. ჯამურად, პირველი დღიდან აქამდე – 59 პაციენტი. აქედან გუშინ საღამოს ტესტით სამ პაციენტს დაუდასტურდა გამოჯანმრთელება და სამმა პაციენტმა დღის განმავლობაში დატოვა ცენტრი“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ამასთან, მარინა ეზუგბაიას თქმით, ეროვნული ბანკის იმ თანამშრომელთა ნაწილი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ეზუგბაიას განმარტებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომ შვიდი პაციენტის სინჯია აღებული და პასუხებს ხვალ დილით ელოდებიან.