კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პაციენტიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პირიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროები არიან.
„გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 44-ით. იყო 1010 და ახლა არის 1054. 44 გამოჯანმრთელებულიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან. დანარჩენები კი, ჩვენს ქვეყანაში დაინფიცირებული პირები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 930 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263.