საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთ-ერთი პაციენტი ლილე აბსანძე, რომელიც 28 დღის განმავლობაში თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, ვირუსთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილების შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც ლილე აბსანძე აღნიშნავს, „კოვიდ 19“ ერთ-ერთ კლინიკაში გადაედო, სადაც ფილტვების ბაქტერიული ანთებით მკურნალობდა. მისივე თქმით, კორონავირუსი გადაედო ერთ-ერთი პაციენტისგან, რომელმაც, მისი თქმით, სავარაუდოდ კონტაქტები დამალა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი აღწერს სიმპტომებს, რომელიც მას ჰქონდა. აბსანძე ამბობს, რომ საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია ჰქონდა, სვამდა „პლაქვენილსაც“, ხანდახან სჭირდებოდა ჟანგბადიც.
ლილე აბსანძე თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს მადლობას უხდის.
„მგონი, უკვე ყველამ იცით, მაგრამ იმ 139 ადამიანიდან, რომელიც covid19-ისგან გამოჯანმრთელდა, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურნალობდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და იქედან საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი. მართალია, ძირითადად ყველანი იმაზე ხართ კონცენტრირებული ვირუსისგან თავი როგორ დაიცვათ, სახლში როგორ დარჩეთ და რა თქვა მარინა ეზუგბაიამ ამ დილით, მაგრამ მაინც მოგიყვებით, რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს უკვე პალატიდან კითხულობ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ტექსტში წერია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილება, წყალგაუვალი სიმართლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყველაზეც ნამდვილად არ ვრცელდება. ჩემი ამბავია მარტო.
მე მარტის ბოლოს ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი ფილტვების ბაქტერიული ანთებით. საერთო პალატაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელმაც კონტაქტები დამალა (მე ასე ვიცი) და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, კორონავირუსით იყო ავად. ორი დღე ამ ადამიანთან ერთად ვმკურნალობდი პალატაში და შემდეგ სახლში გამწერეს. კიდევ ორი დღის მერე, დამირეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და გადამიყვანეს კლინიკაში. მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიამ ამიღო ნაცხი ცხვირიდან და ხახიდან, ექვს საათში დამიდასტურდა „კოვიდ-19“.
მოსაყოლად ხომ ძალიან მარტივია, მაგრამ მგონი, ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ვიდრე სასწრაფო მოვიდა, 20 წუთი ყველაფერს განურჩევლად ვჩურთავდი ჩანთებში, თან მეტირებოდა, თან ვიგინებოდი, თან ჩემებს ვუყვიროდი ახლოს არ მოსულიყვნენ და არაფერში დამხმარებოდნენ და თან მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყველას გვჭირს.
არ გვჭირდა ყველას, არავის ჭირდა ჩემ გარდა, მაგრამ ეს არც მაშინ ვიცოდი, არც მომდევნო 14 დღე ვიყავი დარწმუნებული და ბოლომდე ახლაც არ მჯერა. დღესაც, დედაჩემს რომ ველაპარაკები, მარტო იმას ვუსმენ როგორ სუნთქავს და ხომ არ ახველებს. როგორც მე ვიკონტროლებდი ტემპერატურას ბოქსირებულ პალატაში, ისე ვაკონტროლებდი ოჯახის წევრების ტემპერატურას დისტანციურად და ობსესიურად.
მე საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია მქონდა, „პლაქვენილიც“ ვსვი (კანფეტი ნამდვილად არ არის) და ხანდახან ჟანგბადსაც ვიშველიებდი სუნთქვისას. ჩემს შემთხვევაში, ხველა გვიან დაიწყო და არც ისე ძლიერი იყო, არც ტემპერატურა მქონია ძალიან მაღალი. ძირითადი სიმპტომები იყო ვერტიგო, გულის ტკივილი, გულმკერდის არეში ზეწოლა, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, დაბალი სიცხე და იშვიათად სუნთქვის გაძნელება. აქვე კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ვირუსი ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველას და თუ თავბრუსხვევა იგრძენით, არ არის აუცილებელი კორონა გჭირდეთ მაინცდამაინც.
პალატებს აქვს ძალიან თხელი კედლები და პაციენტების ხველება თავისუფლად გესმის, როგორ ელაპარაკებიან ახლობლებს ეგეც გესმის, როგორ ხდებიან უარესად, როგორ გადაჰყავთ რეანიმაციაში ან როგორ წერენ სახლში. ამიტომ მარტოობის შეგრძნება არ გაქვს, მარტო არ ხარ შარში. რთული ძირითადად ის არის, რომ კუბოებზე მიმების სქროლვა გიწევს ფეისბუქზე, ვიღაცეების დარიგების წაკითხვა რომ „ნუ, აი არ მესმის, ეს ხალხი სად დადიოდა”, ხშირად კითხულობ სიტყვას „დაუდევრობა“ და ზუსტად იცი, რომ შენზე ფრთხილად არც არავინ ყოფილა და არც ახლაა არავინ. ალბათ, ამაზე უფრო დიდი სირთულეა ის, რომ დანამდვილებით არც შენ და არც არავინ იცის რა გჭირს, როგორ მორჩები ამისგან და მერე რა იქნება. მე ჩემმა ექიმმა პირდაპირ მითხრა, რომ ამ დაავადებას მე და შენ ახლა ერთად ვსწავლობთო, თავიდან დავიძაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ როცა დაავადებას შენთან ერთად სწავლობენ, ყველა შესაძლო მხრიდან გაკონტროლებენ.
იქ რომ ხარ, პანდემიას არ აბრალებ არავის, იმიტომ რომ სულერთია. მარტო იმ ჩაკეტილი პალატიდან ხედავ, რომ ეს საყოველთაო უბედურება უფრო დიდი რაღაცაა ვიდრე ქალი, რომელმაც კონტაქტები დამალა, იმიტომ რომ არ სჯეროდა, რომ თვითონ შეიძლება რაიმე დამართნოდა, უფრო დიდია ვიდრე რელიგიური დღესასწაული, მამაოების შეგონებებზე უფრო უტიფარია და სტატისტიკაზე უფრო მომაბეზრებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ვინც მივლიდა თითქმის ვერავის ვცნობ სახეზე, დიდი, სულისშემხუთავი ეკიპირების გამო, უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დამხმარეებს, სანიტრებს და მარინა ექიმს. მთელი ეს პანდემია ყველაზე მეტად მათ აწვება. ჩემხელა და ჩემზე პატარა სტუდენტები ყოველდღე მორიგეობენ და ეკიპირებაში იოფლებიან, არც სძინავთ წესიერად და ისინიც იზოლირებულები არიან ოჯახებისგან.
ასევე, მადლობა ვინმე საბას, რომელიც ყველაზე კარგი კურიერია მსოფლიოში და ჩემს მეგობრებს, თბილი სიტყვებისთვის და გემრიელი ამანათებისთვის.
თუ ვინმეს დაგიდასტურდათ ვირუსი, შეგიძლიათ მომწეროთ, დამირეკოთ და 24/7-ზე მომიყვეთ, რა ხდება თქვენს თავს, რისი გეშინიათ, რა გაიმედებთ, რომელი ანალიზი რამხელა დისკომფორტს იწვევს და ა.შ. ძალიან გამიხარდება ვინმესთვის პატარ-პატარა სასარგებლო გამოცდილებების გაზიარებების საშუალება თუ მექნება. მე პირადად სულ ვეძებდი ეგეთ ადამიანს.
P.S. „ვაიმე, 37 მაქვს და კორონა ხომ არ მჭირს“ და მსგავსი ტექსტები შეგიძლიათ არ მომწეროთ, მაგას ადგენს მხოლოდ ტესტი“,- წერს „ფეისბუქზე“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთ-ერთი პაციენტი.