კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო, გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გადაკეთდა
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცის მოწყობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციით გადაწყდა.
სამხედრო ჰოსპიტალში რისკჯგუფში შემავალი პაციენტების მოთავსება და მკურნალობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით მოხდება.
სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტები რეფერალური მომსახურებით სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდნენ. შექმნილია კრიზისული სიტუაციის მართვის ჯგუფი, შემუშავებულია კონკრეტული სქემები და ყველა ექიმი შესაბამისი რეკომენდაციებით მოქმედებს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა განუცხადა, ამ დროისათვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაკვირვებისა და პრევენციის მიზნით ოთხი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის სამი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი. მისივე თქმით, არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსული ინფექცია. ისინი სამხედრო ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.
ბარლიანის განცხადებით, ჰოსპიტალი საჭიროების შემთხვევაში 180 პაციენტის მისაღებად მზად არის.
„ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ სამხედრო ჰოსპიტალში მოეწყო საკარანტინო სივრცე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივიღებთ რისკჯგუფში შემავალ პაციენტებს, რომლებსაც მოვათავსებთ იზოლირებულ პალატებში, ბოქსებსა და ნახევრად ბოქსებში“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.