კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია, ერთის დაინფიცირების წყარო ჯერ უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
„საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია, აქედან ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი მძღოლია. მესამე ახალი შემთხვევის წყაროს მოსაძიებლად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ დამატებია.
ამასთან, როგორც ეზუგბაია აცხადებს, ინფექციურში მყოფი 37-ვე ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია და არც ერთ მათგანთან დაავადება არ პროგრესირებს.
„ჩვენს ცენტრს ახალი პაციენტი არ დამატებია, კვლავ 37 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ამასთან, არც ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს. ინფექციურში მოთავსებული ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაავადების პროგრესირება არც ერთ მათგანთან შეინიშნება. პაციენტები საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის არიან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.