კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია
საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორი შემთხვევის პირველწყარო დაუდგენელია.
„დღეს ქვეყანაში ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს არ არის ბევრი, მეტიც გვქონია. სამწუხაროდ, რვა შემთხვევიდან სამი არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები. ორ შემთხვევაში, წარმომავლობის თვალსაზრისით, პირველწყარო ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე, სულ მცირე, უკიდურესად ნაადრევია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 686 გამოჯანმრთელდა.