კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ხუთი შემოტანილია, ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა, ხოლო ორი ინფიცირებულთან კონტაქტსა და გაჩიანს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ხუთი შემოტანილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ერთი შემთხვევა გაჩიანს უკავშირდება, ხოლო კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.
„გუშინ იყო 1160 დადასტურებულიშემთხვევა, დაემატა რვა ახალი და ამჟამად გახლავთ 1168 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ხუთით გაიზარდა და გახდა 940. რვა შემთხვევიდან ხუთი შემოტანილი შემთხვევაა. აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო გაჩიანია, კიდევ ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 249 პაციენტი მკურნალობს, ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 80.5 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკაში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი შემთხვევა დაემატა.
შესაბამისად, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 41 პაციენტი მკურნალობს.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.
„პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპზე არც ერთი არ არის მძიმე, არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობა ფასდება საშუალოდ და საშუალოზე მსუბუქად“, – დასძინა მარინა ეზუგბაიამ.