კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო]
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლები სპეციალური ხსნარებით მუშავდება.
თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოებს დაესწრო განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე.
დგებუაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც ეხება სკოლებში სანიტარიის მიმართულებით მოვლა-პატრონობას და ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელოს სკოლამ, რათა ჰიგიენის მიმართულებით იყოს ყველა ნორმა დაცული.
„ეს დოკუმენტი არის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული, რომელიც ორი კვირის წინ უკვე დაეგზავნა ყველა საჯარო და კერძო სკოლას. გარდა ამისა, გაწერილია ის საშუალებები, სპეციალური ხსნარები, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს სასკოლო სივრცეში დასუფთავების დრო.
კორონავირუსთან დაკავშირებით ასევე იცით, რომ გახანგრძლივდა საგაზაფხულო არდადეგები – 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით. საგაზაფხულო არდადეგებზე დახურული იქნება ყველა საჯარო სკოლა. ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ფუნდამენტური დეზინფექცია ჩატარდეს. ძალიან ბევრ საჯარო სკოლას ისედაც აქვს კონტრაქტი გაფორმებული შესაბამის ორგანიზაციასთან და თვეში ერთხელ კეთდება დეზინფექცია“,- აცხადებს ეკა დგებუაძე.
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივებაზე საუბარი არ არის.
„ამ ეტაპზე არ არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ გაახანგრძლივებს უწყება საგაზაფხულო არდადეგებს. ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის სამინისტრო“,- განაცხადა ეკა დგებუაძემ.