კორონავირუსის პანდემიის გამო, „ბიბისი“ მოსწავლეებისთვის ტელე და ონლაინგაკვეთილებს იწყებს
კორონავირუსის პანდემიის გამო, გაერთიანებულ სამეფოში 20 მარტიდან სკოლები დაიხურა.
ბევრი მოსწავლე სწავლას ონლაინგაკვეთილებით განაგრძობს. თუმცა, მალე ყველა ასაკის მოსაწვლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ახალი საგანმანათლებლო რესურსი – ყოველდღიური ონლაინგაკვეთილები „ბიბისი ბაითსაიზისგან“.
20 აპრილიდან გაკვეთილები ჩატარდება ყველა ძირითად საგანში, მათ შორის ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. „ბიბისი ბაითსაიზის“ ვებგვერდი გაფართოვდება, სპეციალური 20-წუთიანი გადაცემების ტრანსლირება ასევე მოხდება „ბიბისი აი-ფლეიერზე“ და „ბიბისი რედ ბატონზე“. როგორც „ბიბისი ბაითსაიზის“ ვებგვერდზეა აღნიშნული, გამოიყოფა ახალი ტელეარხი, რომელიც სრულად დაეთმობა სასწავლო კონტენტს.
14-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის მათი ასაკის შესაბამისი ყოველდღიური გაკვეთილები სპეციალური აპლიკაციით იქნება ხელმისაწვდომი.
ამას გარდა, „ბიბისი ბაითსაიზის“ რესურსი მშობლებს უზრუნველყოფს რეკომენდაციებით სახლში სწავლასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული იქნება სპეციალური სახელმძღვანელო განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
„ეს არის უდიდესი საგანმანათლებლო ძალისხმევა, რომელიც „ბიბისის“ ოდესმე განუხორციელებია“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ლორდ ჰოლმა, რომლის თქმით, მხოლოდ მაუწყებელს შეუძლია ამ ყოვლისმომცველი პაკეტის უზრუნველყოფა.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ იქ, სადაც ერს ვჭირდებით, ვმუშაობთ მასწავლებლებთან, სკოლებთან და მშობლებთან“, – განაცხადა „ბიბისის“ ხელმძღვანელმა.
როგორც „ბიბისის ბაითსაიზის“ ვებგვერდზეა აღნიშნული, პლატფორმა გაფართოვდა „ბიბისისა“ და დიდი ბრიტანეთის განათლების სფეროს ექსპერტების თანამშრომლობით, რათა უზრუნველყონ, რომ ამ რთულ პერიოდში ყველას ჰქონდეს წვდომა სასწავლო რესურსზე. ორგანიზაცია ასევე განმარტავს, რომ ონლაინსწავლების პროცესში შესაძლოა, ცნობილი სახეები ჩაერთონ და ვარსკვლავები გამოჩნდნენ.
ყოველდღიური გაკვეთილები გამყარდება სხვადასხვა ვიდეოთი, პრაქტიკული ტესტებით, საგანმანათლებლო თამაშებით და სტატიებით. ამას გარდა, განახლდება „ბიბისის ბაითსაიზის“ სოციალური მედიის არხები „ფეისბუქსა“ და „ტვიტერში“, რათა ფოკუსირება მოხდეს მშობლებზე და გაზიარდეს ინფორმაცია გაკვეთილების განრიგთან დაკავშირებით.