კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და შიდა გადაცემას არ უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და შიდა გადაცემას არ უკავშირდება.
მისივე თქმით, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
„939 პაციენტი იყო დადასტურებული, დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და გვყავს 943. გამოჯანმრთელებულებიც ოთხით გაიზარდა და ამჟამად არის 821. ოთხი ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილია, არც ერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. ორი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორი სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში კორონავირუსისგან ინფიცირებულების უკვე 87 პროცენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში კი 107 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას გუშინ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაემატა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 23 პაციენტი მკურნალობს.
ახალი პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა.
ეზუგბაიას თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.
რაც შეეხება კლინიკის სხვა პაციენტებს, რომლებიც „კოვიდ-19“-ით მკურნალობენ, მათი მდგომარეობა ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
„ჩვენს ცენტრში კვლავ 23 დადასტურებული შემთხვევაა. დაგვემატა ერთი და ერთიც გამოჯანმრთელდა.
ახალი შემოსული პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გადმოკვეთა საზღვარი და საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა ვირუსი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.