კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი — ყველაფერი, რაც ამჟამად ცნობილია #1tvმეცნიერება
კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი — ყველაფერი, რაც ამჟამად ცნობილია #1tvმეცნიერება

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გვამცნო, რომ კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი შეშფოთების საგანს წარმოადგენდა და მას სახელად ომიკრონი უწოდა. პასუხი დრამატული აღმოჩნდა და აისახა ფინანსურ ბაზრებზე. ქვეყნებმა საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს.

მალევე გაირკვა, რომ ომიკრონი უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცირკულირებს; დაფიქსირებულია ავსტრალიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, იტალიაში, დანიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ისრაელში, ჰონგ-კონგში. ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს.

რა ვიცით კორონავირუსის ამ ვარიანტის (შტამის) შესახებ? ამ ეტაპზე ბევრი არაფერი ვიცით იმის შესახებ, რამდენად არის ის კლინიკურად ან ეპიდემიოლოგიურად რელევანტური. რაც ვიცით, ძირითადად ეფუძნება ამ ვარიანტის გენომის სეკვენირებას და საკმაოდ საინტერესოა. პროექტ Nextstrain-ის ამჟამინდელი ევოლუციური ფილოგენეტიკური შეფასება მიუთითებს, რომ ომიკრონი დაკავშირებული არ არის არც ერთ ამჟამად გავრცელებულ შტამთან, მათ შორის არც დელტასთან ან ალფასთან. ომიკრონს აქვს მუტაციათა დიდი რაოდენობა, რომლებიც მას გამოარჩევენ როგორც SARS-CoV-2-ის თავდაპირველი შტამის, ისე ამჟამად ფართოდ ცირკულირებადი შტამებისგან.

ვაქცინებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა

მხოლოდ ერთ გენთან, რომელსაც S-ს უწოდებენ და რომელიც წვეტ ცილებს (სპაიკ-ცილა) შიფრავს, 32 მუტაციაა დაკავშირებული. წვეტი ცილა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის ვირუსის ნაწილაკის ზედაპირზე გვხვდება და ამიტომ, იმუნური პასუხისთვის იდენტიფიცირებადი სამიზნეა. შესაბამისად, სწორედ ის გახდა ვაქცინების სამიზნე. Pfizer-BioNTech-ის, Moderna-ს და Johnson & Johnson-ის ვაქცინების სამიზნე სწორედ ეს ცილაა.

სამწუხარო კი ის არის, რომ 32 მუტაცია საკმარისია, რათა ომიკრონ ვარიანტის წვეტი ცილა საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურებოდეს იმ ცილებისგან, რომლებიც ვაქცინებმა ამოიღეს მიზანში. შემოდგომის დასაწყისში ექსპერიმენტულად გამოყვანილ ვირუსებზე ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ 20 მუტაცია შტამისთვის საკმარისია, რათა თავიდან აიცილოს ის გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომლებიც ბუნებრივი ინფექციის გადატანის ან mRNA ვაქცინების მიერ არის გამომუშავებული. ამ მიზეზის გამო, სრულიად შესაძლებელია, რომ ომიკრონი ე. წ. გამქცევი ვარიანტი აღმოჩნდეს. ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანი, როგორც ამას ვირუსოლოგი ფლორიან კრამერი აღნიშნავს.

გადამდებობის გაზრდის შესაძლებლობა

გარდა იმ მუტაციებისა, რომლებმაც მას შეიძლება იმუნური სისტემისგან თავის დაღწევის უნარი მიანიჭონ, სამი მუტაცია შეინიშნება ფურინის გაყოფის ადგილზე (ასევე წვეტ ცილაზე). ეს კი საყურადღებოა, რადგან გენომის ეს ნაწილი გადამწყვეტია გადადებისთვის და შეიძლება დაკავშირებული აღმოჩნდეს გადამდებობის გაზრდასთან.

როდის გვეცოდინება უფრო მეტი?

Pfizer-ის განცხადებით, მისი ვაქცინისადმი ომიკრონის რეზისტენტულობის შესახებ მონაცემები მათ ორ კვირაში ექნებათ. თუ საჭირო გახდა, ახალი ვაქცინა შეიძლება 100 დღეში მზა იყოს გამოყენებისთვის.

რა მოხდება შემდეგ?

დასკვნა ის არის, რომ ამჟამად არ ვიცით, რა ეპიდემიოლოგიური გავლენა ექნება ომიკრონს. გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ აფრიკაში ბოლო დროს იზოლირებულ შტამთა დიდი ნაწილი ომიკრონია, არსებობს საფრთხე, რომ მან შეიძლება დელტა ჩაანაცვლოს იმ პოპულაციაში, სადაც გავრცელდება. მეორე მხრივ, ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული შტამების ნიმუშები სამხრეთ აფრიკაში ამჟამად ცირკულირებად ვირუსების შემთხვევითი ნიმუშები არ არის. შესაბამისად, ვარაუდი, რომ ომიკრონმა შესაძლოა დომინირება დაიწყოს, შეიძლება გადაჭარბებული იყოს.

მკვლევართა ვარაუდით, მომდევნო 2-4 კვირაში ომიკრონის შესახებ ბევრი რამე გაირკვევა. ამასობაში კი, კორონავირუსის შემთხვევათა უმეტესობა მსოფლიოში კვლავ დელტა ვარიანტით იქნება გამოწვეული, რომელსაც საკმაოდ ეფექტიანად ანეიტრალებენ ვაქცინები.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.