კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან სამი შემოტანილია, ორის ინფიცირების წყაროს მოძიება კი გრძელდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან, სამი შემოტანილია, ხოლო ორ შემთხვევაზე წყაროსა და კონტაქტების მოძიების მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში იყო 1155 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი და დღეს ჯამში გვაქვს 1160. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ექვსით გაიზარდა და ამჟამად არის 935.
ხუთი ახალი პაციენტიდან სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ორ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 246 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას უკვე დადასტურებული დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტი დაემატა. საუბარია სატვირთო ავტომობილის მძღოლზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე კლინიკაში ახალი კორონავირუსით 42 პაციენტი იმყოფება.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, მათი მდგომარეობა ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
„მძიმე ავადმყოფები დღეს ჩვენ არ გვყავს“, – დასძინა ეზუგბაიამ.