კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უფასო სასადილოები სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ყოველდღიური დასუფთავების გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე სასადილოებში ტარდება.
პარალელურად, დეზინფექცია უტარდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
მუნიციპალური ობიექტებისა და ტრანსპორტის დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა. ბოლო დღეების განმავლობაში დეზინფექცია „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელსა და თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღებს ჩაუტარდა, სადაც პრევენციის მიზნით, არდადეგები გამოცხადდა.
თბილისის მერის დავალებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ასევე, ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები და სახელოვნებო სკოლები.