კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საკრებულოს სხდომები ელექტრონული ფორმით ჩატარდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საკრებულოს სხდომები მომავალში ელექტრონული ფორმით ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს.
როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა, ონლაინ შეხვედრების გასამართად სპეციალური აპლიკაცია შეიქმნება, მანამდე კი, სხდომა ჩვეულ ფორმატში გაიმართება.
ბექა დავითულიანის ინფორმაციით, ონლაინ სხდომებზე მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვა იგეგმება.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს სხდომის ფორმატი დასაშვები გავხადოთ ელექტრონული ფორმითაც. იმის გათვალისწინებით, რა სიტუაციაც არის შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს აუცილებელი, რათა გადაწყვეტილებები, რომელსაც მერია იღებს, რომლესაც სჭირდება საკრებულოს თანხმობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ამის შესაძლებლობა გვქონდეს დისტანციურად. მორიგი სხდომის გამართვამდე ჩვენ დაგვჭირდება აპლიკაციის აწყობა, ტექნიკური თვალსაზრისით გამართვა ამ სისტემის. სხდომა იქნება ჩვეულებრივი ელექტრონულად, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ საკითხებს ვერ გავიტანთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დღევანდელი სხდომა, სხდომათა დარბაზის ნაცვლად, თბილისის საკრებულოს მისაღებში გაიმართა, სადაც დეპუტატების სკამები, სპეციალურად, ერთი მეტრის დაშორებით იყო განთავსებული.