კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სემეკ-მა ელექტრონული ქვითრების სავალდებულო რეგულაცია აამოქმედა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სემეკ-მა ელექტრონული ქვითრების სავალდებულო რეგულაცია აამოქმედა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტრონული ქვითრების სავალდებულო რეგულაცია აამოქმედა.

სემეკ-ის ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლები კომუნალურ სერვისებზე ელექტრონულ ქვითრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms-ით) მიიღებენ იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც დაფიქსირებული აქვთ შესაბამისი კომუნალური მომსახურების კომპანიაში.

სემეკ-ი მოუწოდებს მომხმარებლებს, ელექტრონული ქვითრების მისაღებად კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ საკონტაქტო ტელეფონის ნომრები კომპანიების ცხელი ხაზის ან USSD კოდის – *303#-ის საშუალებით.

მათივე ცნობით, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ელექტრონული ქვითრის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც.

ელექტრონული ქვითარი მომხმარებლის მიერ გადასახდელ თანხასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე მოიცავს ბმულს, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ხელმისაწვდომია 3 (სამი) წლის განმავლობაში. მისი გადმოწერა მომხმარებელს შეეძლება ნებისმიერ დროს, PDF ან/და JPG ფორმატში.

ბეჭდური ქვითრისგან განსხვავებით ელექტრონული ქვითრის არ მიღების ან წაშლის შემთხვევაში, *303#-სერვისის მეშვეობით შესაძლებელია როგორც აღნიშნული ქვითრის ხელმეორედ გამოთხოვა, ისე ბალანსის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მიღება.