ქორწინების რეგისტრაციისას, საქორწინო სივრცეში დასაშვებია, დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოგრაფი
ქორწინების რეგისტრაციისას, საქორწინო სივრცეში დასაშვებია, დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოგრაფი

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობის დროებითი წესები განისაზღვრა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს სერვისები ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის მეშვეობით, თუმცა საჭიროა მოქალაქემ წინასწარ დაჯავშნოს ვიზიტი პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით.

კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სააგენტო უფლებამოსილია, ასევე ელექტრონულად მიიღოს განცხადებები, როდესაც ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია ადგილზე მომსახურებაც.

სააგენტო, დაინტერესებული პირის მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციის (ცხელი ხაზი: (032) 2401010) საშუალებით უფლებამოსილია, განცხადების წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მისამართზე მომსახურება (ადგილზე მომსახურება).

ბრძანებაში განსაზღვრულია ქორწინების წესიც, რომელიც თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლში 29 მაისიდან, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლში კი 31 მაისიდან ამოქმედდება.

ამ წესის თანახმად, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი.

სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.

იუსტიციის მინისტრის ბრძანების ამ მუხლის ამოქმედებამდე, სააგენტო ქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და ადგილზე მომსახურების(შენობის გარეთ მომსახურება) გარეშე.

თეა წულიკიანის ბრძანება 25 მაისით თარიღდება. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.