კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რამდენიმე რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რამდენიმე რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა.

გორში დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება აღარ გაიმართება.

საუბარია 3 და 8 მარტის ღონისძიებებზე.

პრევენციის მიზნით, მერიის გადაწყვეტილებით, ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდა ბათუმშიც.

დროებით შეწყდა დელფინარიუმში წარმოდგენები.

ამასთან, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურიაში, ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები აღარ ჩატარდება.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ რეგიონში, კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, სადაც პრევენციული ზომები განიხილა.

საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

აღინიშნა, რომ რეგიონში სადეზინფექციო სამუშაოები დღესვე დაიწყება და ეტაპობრივად ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო სივრცეების გამოყოფის საკითხიც.

სადეზინფექციო ღონისძიებები დღეიდან დაიწყება ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებშიც. ასევე იწყება მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარებით დამუშავება.

ხსნარებით იწმინდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები.