კორონავირუსის გამო, ვიეტნამის დედაქალაქში ბარები დაიკეტება და ხალხმრავალი შეკრებები აიკრძალება
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, ბარები დაიკეტება, ხოლო სახალხო შეკრებები ისევ აიკრძალება.
„როიტერის“ ინფორმაციით, გამკაცრებული ზომები, ქალაქ დანანგში ვირუსის ახალი შემთხვევების მატებას უკავშირდება. აღნიშნული ქალაქიდან დედაქალაქში 21 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.
აღსანიშნავია, რომ ჰანოიში დღეს დანანგთან დაკავშირებული კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ჩვენ დროულად და სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. დანანგიდან ჰანოიში 21 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა. ჩვენ მათ მონიტორინგს ვახორციელებთ, სწრაფ ტესტირებებსაც ჩავუტარებთ“, – ნათქვამია დედაქალაქის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.
ვიეტნამში „კოვიდ-19“-ის 450 შემთხვევაა გამოვლენილი, ქვეყანაში არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ ფიქსირდება.