ინდოეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა ტაჯ მაჰალი კორონავირუსის გამო ვიზიტორებისთვის დაიხურა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ინდოეთის ტურიზმის მინსტრმა, პრაჰლად სინგჰ პატელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ყველა მუზეუმი 2020 წლის 31 მარტამდე დაიხურება.
ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარე მარმარილოს მავზოლეუმს ყოველდღიურად დაახლოებით 50 ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს ტაჯ მაჰალი 6,5 მილიონმა ადამიანმა მოინახულა.
მანამდე ინდოეთმა ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერა. კორონავირუსის გავრცელების ზონებიდან ინდოეთში ჩასულმა ყველა პირმა, მათ შორის ინდოეთის მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.
ინდოეთში კორონავირუსის 114 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია ორი ადამიანი.