კორონავირუსის გამო, ჩრდილოეთ მაკედონიაში 12 აპრილს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გადადებაზე შეთანხმდნენ
კორონავირუსის პანდემიის გამო ჩრდილოეთ მაკედონიაში პოლიტიკური პარტიები 12 აპრილს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გადადებაზე შეთანხმდნენ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა, ზორან ზაევმა განაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის 26 შემთხვევაა გამოვლენილი.
„ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება შეუფასებელია. ყველა შევთანხმდით, რომ არჩევნების ჩასატარებლად პირობები არ არის“, – განუცხადა ზაევმა ჟურნალისტებს პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
გასულ კვირას ჩრდილოეთ მაკედონიამ კორონავირუსის გავრცელების გამო პრევენციული ზომები აამოქმედა, მათ შორისაა საზოგადოებრივი შეკრებებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღების აკრძალვა. ქვეყანამ ასევე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ნაწილი დაკეტა.