კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ექვსი შემთხვევიდან ერთ-ერთი ჟვანიას კლინიკის თანამშრომელია
თბილისში, ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, მანანა ჟვანიამ განუცხადა, ინფიცირებული 68 წლის მამაკაცია, რომელიც კლინიკის ადმინისტაციაში მუშაობს.
მანანა ჟვანიას ინფორმაციით, მამაკაცმა თავი შეუძლოდ 9 ივნისს იგრძნო, რის შემდეგაც ტესტი ჩაუტარდა, თუმცა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ამის შემდგომ ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც განმეორებითი ტესტის შედეგად დაუდგინდა „კოვიდ-19“.
მანანა ჟვანიას ინფორმაციით, ინფიცირების ფაქტის გამოვლენის შემდეგ იზოლაციაში გადავიდა კლინიკის 12 თანამშრომელი, რომლებსაც დაავადებულ მამაკაცთან ჰქონდა შეხება. ყველა მათგანი ადმინისტრაციაში მუშაობს. ამასთან, როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორი ამბობს, მედპერსონალთან და პაციენტებთან ინფიცირებულს კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ექიმების იზოლაცია საჭირო არ არის.
მანანა ჟვანიას ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა საყურადღებოა. მისივე განცხადებით, დაინფიცირების წყარო მისთვის უცნობია.