კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან სამთან მიმართებაში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება, ხუთი გაჩიანს უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამთან მიმართებაში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გამოვლენილი 19 ახალი შემთხვევიდან რვა ლილოს ბაზრობას უკავშირდება.
„რვა შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან; ხუთი შემთხვევა – გაჩიანიდან; ორი შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებული, აქედან ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; ერთი შემთხვევა გახლავთ სამედიცინო პერსონალი და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თბილისის ინფექციურ კლინიკაში რვა ახალი ინფიცირებული შეიყვანეს.
„ჩვენთან ინფექციურ საავადმყოფოში იყო 30 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ გამოჯანმრთელებული არ გვყოლია. შემოვიდა რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამ რვა ახალი დადასტურებულიდან ხუთი გახლავთ ლილოს ბაზრობის წყარო. ორი გაჩიანი და ერთი სამედიცინო პერსონალი“, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.