კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო სამი შემოტანილია.
შემოტანილი შემთხვევებიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორს კი ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა.
„გუშინ ქვეყანაში გვყავდა 1039 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ათი ახალი და გახდა 1049. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ სამით გაიზარდა და ამჟამად არის 903. ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ხოლო სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ორი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევებია. ორ პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 86 პროცენტს შეადგენს, ხოლო კოვიდ-ცენტრებში 168 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით 26 პაციენტი რჩება.
„26 დადასტურებული პაციენტი გვყავს, გამოჯანმრთელებული გუშინ არ გვყოლია. შეგვემატა სამი ახალი პაციენტი. აქედან ორი გახლავთ ჩვენთან მკურნალობაზე მყოფი პაციენტების კონტაქტი, ხოლო ერთი პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.