კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ექვსი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირი, ხოლო ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ექვსი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
გამყრელიძის თქმით, სატვირთო ავტომობილის მძღოლები საკარანტინო სივრცეებში იმყოფებოდნენ.
„ბოლო 24 საათში ათი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აქედან ექვსი გახლავთ ინფიცირებულებთან კონტაქტირებული პირები, რომლებიც ყველა იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებებში, ხოლო ოთხი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლებიც იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეებში. სატვირთო ავტომანქანის მძღოლებიდან ორი არის საქართველოს მოქალაქე, ორი კი უცხო ქვეყნის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, გამყრელიძე ამბობს, რომ არც ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ არ ფასდება.
„რაც შეეხება გუშინ დადასტურებული რვა შემთხვევიდან ორ პირს, მათი ინფიცირების პირველწყაროს მოსაძიებლად ეპიდკვლევა გრძელდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.