კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან რვა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, შვიდი არის შემოტანილი, ოთხი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიმდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
ამასთან, მარინა ეზუგბაიას თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია.
„კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: რვა დადასტურებულ პირთან კონტაქტია, ერთი არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, შვიდი შემოტანილია, მათგან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ოთხ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს წყაროს მოძიებისა და კონტაქტების დადგენის მიზნით. მედპერსონალზე როგორც ჩემთვის ცნობილია, ინფიცირებული ქალაქ რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ასევე, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა ცხრით. იყო 1 270 და აღნიშნული მაჩვენებელი არის 1 279. დღევანდელი მონაცემებით, განკურნებულების პროცენტული მაჩვენებელი 81,6-ია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.