კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დადასტურდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დადასტურდა. როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ათი ნიმუშიდან ოთხზე დადებითი პასუხი მოვიდა.
გორის ჰოსპიტალში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ოთხივე ინფიცირებული თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირია.
ამ დროისთვის, ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული სულ 13 პაციენტი იმყოფება. მათგან ექვსი თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.
ექიმების ინფორმაციით, შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანილი 65 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ცხელება და პნევმონია აქვს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4978 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.