კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი დადასტურებულთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსონალია, სამი შემოტანილი შემთხვევაა და ერთზე კვლევა გრძელდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი დადასტურებულთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსონალია, სამი შემოტანილი შემთხვევაა და ერთზე კვლევა გრძელდება

კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ოთხი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსონალია, სამი შემოტანილი შემთხვევაა და ერთზე კვლევა გრძელდება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, წყაროს დადგენის მიზნით, ერთი პაციენტის კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი უცვლელია, არის 81%. ამ მონაცემების გთვალისწინებით, დღევანდელო მაჩვენებლებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 245 პაციენტი, მათ შორის ხუთი კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ხოლო 23 მძიმე. ეს პაციენტები კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიურ განყოფილებებში აგრძელებენ მკურნალობას. დანარჩენი პაციენტები გახლავთ საშუალო სიმძიმის, შედარებით მცირე, მსუბუქი და ძალიან მცირე ნაწილი არის უსიმპტომო. რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენ გუშინ გვყავდა 32 დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელდა. ახალი პაციენტები არ მიგვიღია და დღევანდელი მონაცემებით, 31 დადასტურებული პაციენტი გვყავს. კვლავ გვყავს ერთი კრიტიკულად მძიმე და ორი მძიმე პაციენტი. ისინი რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი გახლავთ. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე და არც კრიტიკული. ჯერ მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.