კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი „დონას“ კლასტერს უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი „დონას“ კლასტერს უკავშირდება, 15 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, რვას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ორი იმპორტირებული, ორზე კი კვლევა გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1650 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა 34 პაციენტი და გვყავს 1684 პაციენტი. ინფიცირებულთა განაწილება ასეთია, ექვსი არის „დონას“ კლასტერი, 15 პაციენტის წყაროა დადასტურებულთან კონტაქტი, რვა პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, ერთი არის სამედიცინო პერსონალი, ორი კი, შემოტანილი შემთხვევაა, ასევე, ორ პირზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტულად მძიმეა.
„გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მხოლოდ ხუთით გაიზარდა და მათი პროცენტული მაჩვენებელი 78 პროცენტია. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მკურნალობს 342 პაციენტი. მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, 16-ის კი, მძიმე. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ჩვენ გუშინ გვყავდა 19 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ორი, დაგვემატა მხოლოდ ერთი და ახლა არის 18 შემთხვევა. აქედან კრიტიკულად მძიმე გვრჩება ერთი პაციენტი, ორის მდგომარეობა კი, მძიმეა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
საქართველოში 7 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.