კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევიდან 16 გურიაში გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.
„ოზურგეთში გრძელდება მოსახლეობის ტესტირება. ვითარება მშვიდია. შეინიშნება კორონავირუსის შემთხვევათა კლების დინამიკა. ვახორციელებთ „პისიარ“ კვლევებს. მოსახლეობას ასევე საშუალება აქვს, ჩაიტაროს სწრაფი ტესტიც. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 21 პაციენტი.
ამასთან, თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 285 შემთხვევა, აჭარაში – 40, იმერეთში – 119, ქვემო ქართლში – 41, შიდა ქართლში – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 79, კახეთში – 49, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში -10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი.