კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის
კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ კლინიკებში ამ დროისთვის ჯამში 262 პაციენტი მკურნალობს, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ19-ის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი 336-ს შეადგენს.

აქედან 74 გამოჯანმრთელებიულია.

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 74 გამოჯანმრთელებულიდან 48 მათი ცენტრის პაციენტია.

ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ რამდენიმეს შემთხვევაში პისიარ ტესტით პირველადი უარყოფითი პასუხები მიიღეს და მათ 24 საათის ინტერვალით განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ.

„გუშინ ბოლო მონაცემი გვქონდა 306 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილისთვის გვაქვს 336. ანუ, მატება არის 30-ით. 336 პაციენტიდან 86 ჩვენი პაციენტები არიან. 336 პაციენტიდან 74 გვყავს გამოჯანმრთელებული, აქედან ჩვენი ცენტრის არის 48 პაციენტი. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე კოვიდის საავადმყოფოებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა.

გუშინ ჩატარდა ტესტირება 21 პაციენტზე, ეს პაციენტები იყვნენ, როგორც პირველადი პაციენტები, ისე განმეორებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი პაციენტები, რომლებსაც ჩვენ ვირუსის პისიარ ტესტირებას ვუკეთებთ დინამიურად. ორი შემთხვევა იყო უკვე გამოჯანმრთელებული. არის რამდენიმე პაციენტი, რომელსაც პირველ ჯერზე აქვს უარყოფითი პასუხი პისიარის და დღეს ალბათ განმეორებით ჩატარდება 24 საათიანი ინტერვალით მათთანაც განმეორებითი ტესტირება და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას ალბათ გავიგებთ ხვალ დილისთვის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება 30 ახალ შემთხვევას, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ პაციენტების მდგომარეობა მისთვის უცნობია.

ისინი კოვიდის მიმღებ სხვა დაწესებულებებში იმყოფებიან.

თუმცა, ეზუგბაიას განმარტებით, ცნობილია, რომ ყველას შემთხვევაში ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის და ეპიკვლევა მიმდინარეობს.

„ჩემთვის ეს პაციენტები ცნობილი არ არის. წყარო ყველგან დადგენილი არ არის, ხდება ამ წყაროების მოძიება და ეპიდკონტროლი. ვიცით ჩვენ, რომ  ყველა ახალი დადასტურებული შემთხვევის ღრმა ძიება და ეპიკვლევა წარმოებს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.