კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„ერთი გახლავთ დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან. 16 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ხუთი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი და ერთ პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა შვიდი და დაემატა ექვსი ახალი პაციენტი.
„დღესდღეობით გვყავს 27 დადასტურებული შემთხვევა. ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევის კონფიგურაცია ასეთი გახლავთ: სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ორი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევები გახლავთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, 16 შემთხვევიდან, რომლებიც ერთი ინფიცირებულის კონტაქტები არიან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ სამია მოთავსებული.
დღეს განახლებული
მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1010-ს შეადგენს.