კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ოთხი შემოტანილია, შვიდი კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ოთხი შემოტანილია, ხოლო შვიდი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს წარმოადგენს.
ეზუგბაიას განმარტებით, შემოტანილი შემთხვევებიდან ყველა სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
„გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში იყო 1028 დადასტურებული შემთხვევა, დღე-ღამეში დაგვემატა 11 ახალი შემთხვევა და ახლა გახლავთ 139 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული იყო 899 და ამჟამად არის 900. 11 ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი შემთხვევა, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, დანარჩენილი შვიდი კი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. უმეტესობა მათგანი საკარანტინო სივრციდანაა, ნაწილი კი დადასტურებულია ადგილზე, ანუ ბინაზე“,- განაცხადა ეგუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, კოვიდ-ცენტრებში 162 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო უკვე დადასტურებული დიაგნოზით ხუთი პაციენტი დაემატა.
შესაბამისად, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 23 პაციენტი მკურნალობს.
„ამ ხუთი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი არის რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქე, რომელსაც კარანტინში დაუდასტურდა დიაგნოზი, დანარჩენი ოთხი შემთხვევა კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია. ორი-სამი დღის განმავლობაში მიღებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, შეინიშნებოდა მასთან დაავადების პროგრესირება, ის სუნთქვის უკმარისობის გამო საჭიროებდა ჟანგბადის მოხმარებას, რადიოლოგიურადაც პნევმონია მძიმედ არის შეფასებული, მაგრამ დაწყებული მკურნალობის ფონზე, უკვე აღარ შეინიშნება პროგრესირება და ალბათ გამოსავალი კარგი უნდა იყოს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.